გამოთვლითი სისტემების ევოლუცია
გამოთვლითი ქსელების შექმნა წარმოადგენდა გამოთვლითი სისტემების განვითარების ლოგიკურ გაგრძელებას.
პირველი გამოთვლითი სისტემები იქმნებოდა მაინფრეიმების ბაზაზე (მაინფრეიმი - მძლავრი და საიმედო უნივერსალური დანიშნულების კომპიუტერი). პროგრამის ტექსტისა და მონაცემების გამზადება ხდებოდა წინასწარ პერფობარათებზე. სპეციალურ ოპერატორს შეჰქონდა ეს პერფობარათები კომპიუტერში, ხოლო მომხმარებელი კი ღებულობდა თვლის შედეგებს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის ასეთი ინტერაქტიული რეჟიმი არ იყო მოსახერხებელი მომხმარებლისათვის, ასეთი რეჟიმი მაინც საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, რადგანაც სწორედ პაკეტური რეჟიმის დროს მიიღწევა პროცესორის მუშაობის ყველაზfე მაღალი საიმედობა.
გამოთვლითი სისტემების განვითრების შემდეგი ეტაპი იყო მრავალტერმინალიანი სისტემების შექმნა, რის საფუძველსაც წარმოადგენდა კომპიუტერის აპარატული საშუალებების (პირველ რიგში პროცესორის) გაიაფება. ასეთი სისტემების მუშაობა დამყარებული იყო დროის დაყოფის პრინციპის გამოყენებაზე. პროცესორთან ერთდროუად მუშაობდა რამდენიმე მომხმარებელი. თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა ტერმინალი, რომლის საშუალებითაც შეეძლო გაემართა დიალოგი კომპიუტერთან. სისტემის რეაქციის დრო საკმაოდ დაბალი იყო და მომხმარებლებს სჭირდებოდათ ლოდინი თვლის შედეგებისათვის. ტერმინალები განაწილებული იყო საწარმოოს მთელ ტერიტორიაზე. ასეთი მრავალტერმინალური სისტემები, მიუ ხედავად მათი ცენტრალიზებული პრინციპისა, გარეგნულად უკვე ბევრად ჰგავდა ლოკალურ ქსელებს. მომხმარებლებს უკვე ჰქონდათ საეთო ფაილებთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან წვდომის საშუალება. ამგვარად, დროის გაყოფის რეჟიმში მომუშავე მრავალტერმინალური სისტემები უკვე წარმოადგენდა ლოკალური გამოთვლითი ქსელების წინამორბედს, თუმცა კი ლოკალური ქსელების შექმნამდე კიდევ საკმაო დრო გავიდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ერთ საწარმოოში რამდენიმე კომპიუტერის გაერთიანების საჭიროება.
კომპიუტერების ერთმანეთთან დაკავშირების საჭიროება მაინც წარმოიშვა. პირველად ერთმანეთს დაუკავშირეს დიდი მანძილით ერთმანეთისაგან დაშორებული კომპიუტერები, რისთვისაც გამოყენებული იქნა სატელეფონი კავშირის არხები და მოდემები. ამგვარად, პირველად შეიქმნა გლობალური ქსელები. სწორედ მათთვის იქნა დამუშავებული თანამედროვე ქსელების ძირითადი იდეები და კონცეფციები, ისეთები, როგორიცაა საკომუნიკაციო განაწესების (პროტოკოლების) მრავალდონიანი ორგანიზება, პაკეტების კომუტაციის ტექნოლოგია, შემადგენელ ქსელებში პაკეტების მარშრუტიზაცია და ა.შ. 70-იანი წლების დასწყისში მოხდა ტექნოლოგიური გარღვევა. შეიქმნა ინტეგრალური სქემები, რამაც ძალიან გააიაფა კომპიუტერები, შეიქმნა მინი კომპიუტერები, რის შედეგადაც დაწესებულებებში შესაძლებელი გახდა რამოდენიმე კომპიუტერის შეძენა, რომლებსაც შეეძლოთ ან ერთი ამოცანის შესრულება ან შეიძლება ჰქონოდათ თავისი ავტონომიური ამოცანები (ტექნოლოგიური პროცესების მართვა, სასაწყობო ამოცანები, ეკონომიკური ამოცანები და ა.შ.). ასეთი ამოცანები კი უკვე მოითხოვდა მათ ერთიან ქსელში გაერთიანებას. რადგანაც ისინი ტერიტორიულად ახლოს იყვნენ განლაგებული, ამიტომ ასეთი ქსელებისათვის საჭირო გახდა გლობალურ ქსელებში მიღებული კონცფციების გამარტივება და ახალი კონცეფციების დამუშავება.
ლოკალური ქსელების კონცეფცია 80-იანი წლების დასაწყისში უკვე ჩამოყალიბდა. ეს იყო Ethernet, Arcnet, Token Ring. ამ ქსელების შექმნის საფუძველს წარმოადგენდა პერსონალური კომპიუტერების მასობრივი გავრცელება. ისინი გამოიყენებოდა, როგორც კლიენტის კომპიუტერები, ასევე, როგორც მონაცემების შენახვისა და დამუშავების ცენტრები, ანუ საქსელო სერვერები.
პერსონალური კომპიუტერების ლოკალურ ქსელში გაერთიანებისათვის საკმარისი იყო შესაბამისი სტანდარტის ადაპტერის შექმნა, მაგალითად Ethernet, უნდა მიერთებულიყო კომპიუტერი შესაბამის კავშირის არხთან და უნდა დაყენებულიყო მასზე ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საქსელო ვარიანტი, მაგ., NetWare. ლოკალურ ქსელებში მონაცემების გადაცემის სიჩქარემ შეადგინა 10 მგბიტი/წმ. ამის შემდეგ კომპიუტერი ფუნქციონირებდა ლოკალურ ქსელთან, რომელთანაც შესაძლებელი იყო კიდევ რამდენიმე კომპიუტერის მიერთება. ლოკალური ქსელების გამოჩენამ კიდევ უფრო დახვეწა საქსელო ტექნოლოგიები. მონაცემების გადაცემის ასეთი სიჩქარე გლობალურ ქსელებში წარმოუდგენელი იყო. მანძილის სიმცირის გამო ლოკალურ ქსელებში მონაცემების გადაცემის გარემოდ გამოიყენებოდა მაღალი ხარისხისა და შესაბამისად ძვირი, კოაქსიალური კავშირის არხები. გლობალურ ქსელებში კი მონაცემების გადაცემის გარემოდ გამოიყენებოდა იაფი, ნელი და დაბალი ხარისხის სატელეფონო კავშირის არხები.
გამოთვლითი ქსელების განვითარება დღეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გრძელდება. თანაც ზღვარი გლობალურ და ლოკალურ ქსელებს შორის თანდათან მცირდება მაღალეფექტური ტერიტორიული კავშირის არხების გამოჩენის შედეგად. გლობალურ ქსელებშიც იქმნება ისეთივე მოსახერხებელი და გამჭვირვალე შეღწევის საშუალებები, როგორიც ლოკალურ ქსელებში. ამის ნათელი მაგალითია ქსელი Internet.
ვითარდება ლოკალური ქსელებიც. ქსელის კომპონენტების დამაკავშირებელი პასიური კავშირის არხების პარალელურად გამოჩნდა მრავალნაირი საკომუნიკაციო მოწყობილობები, ისეთები, როგორიცაა კომუტატორები, მარშრუტიზატორები, დამბები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დიდი კორპორაციული ქსელების შექმნა, რომელთაც აქვთ რთული სტრუქტურა და აერთიანებს ათასობით კომპიუტერს. დიდი კომპიუტერების - მაინფრეიმების მიმართ ინტერესი ხელახლა გაძლიერდა, რადგანაც გამოირკვა, რომ ასობით სერვერის შემცველი სისტემების მომსახურება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმე ძლიერი კომპიუტერის მომსახურება. ამიტომ, ქსელების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, კორპორაციულ გამოთვლით სისტემებში ხელახლა დაბრუნდა მაინფრეიმები, როგორც საქსელო კვანძები.
გამოჩნდა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც თანაბრად შეეხო როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ ქსელებსაც. მათში დაიწყო ადრეული ქსელებისათვის უჩვეულო მონაცემების გადაცემა, როგორიცაა ნახატები, ხმა, ვიდეოგამოსახულებები. ამან გამოიწვია საქსელო განაწესებში და ოპერაციულ სისტემებში გარკვეული ცვლილებები.
მულტიმედიური მონაცემების გადაცემის სირთულე დაკავშირებულია მონაცემთა პაკეტური გადაცემის პირობებში დროით დანაკარგებთან. მულტიმედიური მონაცემები კი უკვე არის დროის რეალუ რი მასშტაბის მქონე ტრაფიკი. დღეს ამ პრობლემების გადაჭრა ხდება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის ტექნოლოგია ATM-ის გამოყენებით, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ტიპის ტრაფიკის გადაცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკვე მნიშვნელოვანი წარმატებები, გადაუწყვეტი პრობლემები კვლავაც ბევრია. მაგალითად, ლოკალური და გლობალური ქსელების ტექნოლოგიების შერწყმა, ასევე ყოველგვარი ქსელების, მაგალითად, გამოთვლითი, სატელეფონო, სატელევიზიო და ა.შ. ქსელების ტექნოლოგიების შერწყმა. დღესდღეობით ამ ამოცანის გადაწყვეტა თუ შეუძლებელი ჩანს, გარკვეული წინაპირობა უკვე არსებობს და სპეციალისტების შეფასებით ალბათ 10-25 წელში შესაძლებელი იქნება. დღეს ითვლება, რომ ამამოცანის გადაწყვეტის საფუძველს წარმოადგენს პაკეტების გადაცემის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კომპიუტერულ ქსელებში, და არა ტელეფონიაში გამოყენებული არხების კომუტაციის ტექნოლოგია.
|